„სხვის შეფუთვაზე რომ საუბრობ, თავად იყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში და შეგფუთა“ – უსუფაშვილი სანიკიძეს

“თუ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს გისვამს მოსალაპარაკებლად და შენ კობახიძეს ელაპარაკები, ჩათვალე, მის ველზე ხარ უკვე,“ – ასე ფიქრობს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გუბაზ სანიკიძე და აცხადებს, რომ მოლაპარაკებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზეზით არ უერთდება.

სანიკიძისთვის ირაკლი კობახიძესთან ჯდომა მიუღებელია. ოპოზიცის სხვა ნაწილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიღებული შეთავაზება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, 20-წლიანი ბრძოლის მონაპოვარია და თუ გარკვეული ჯგუფები ულტიმატუმის ენით დაიწყებენ საუბარს, რომ „ამასთან“ არ დასხდებიან, „იმასთან“ არ დასხდებიან, ეს მონაპოვარიც დაიკარგება და ფინალში ვერ გავალთ.

გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გავრილოვსაც შეადარა და აღნიშნა, რომ გავრილოვი უკეთესია.

„კობახიძე უარესია ჩემთვის, ვიდრე გავრილოვი. გავრილოვი, გასაგებია, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობაზე ხმა აქვს მიცემული, თუმცა გასაგებია ეს აქვს დავალებული, მაგრამ აქეთ, როცა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პირდაპირი მემკვიდრე კობახიძე აკეთებს იმას, რაც გააკეთა და მოდი ვთქვათ, რომ კობახიძემ ქნა ესა! და შეხვედრაზე როცა მიდიხართ საქართველოს მოღალატესთან, ჩემთვის ის არის მიუღებელი ადამიანი, კობახიძე არ უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მისი პოზიცია სრულიად მიუღებელია “შენების მოძრაობის” ლიდერისთვის. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, ამ ლოგიკით და ულტიმატუმებით, პროპორციული სისტემა ვერ მიიღწევა და თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შედეგი უნდათ, „ამასთან“ თუ „იმასთან“ არდაჯდომაზე არ უნდა საუბრობდნენ.

„ჩემი თხოვნა იქნება, თუ ოპოზიციური ერთობა გვინდა და ერთი პირობებით გვინდა, წარვდგეთ კოლაბორაციონისტებთან, ჩვენ უნდა, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იქიდან ვინ იჯდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. კობახიძე უკვე ზის მოლაპარაკებაზე და ეს იმას ნიშნავს რომ უკვე მის ველზე ხარ? სხვის შეფუთვაზე რომ საუბრობ, თავად იყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში და შეგფუთათ“, – პასუხობს უსუფაშვილი სანიკიძეს.

გუბაზ სანიკიძის პოზიციით, ვინც ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდება სამუშაო მაგიდასთან, მას ბიძინა ივანიშვილი ისე შეფუთავს, რომ ვერც მიხვდება. თუმცა, საკუთარ თავზე ამბობს, რომ როცა ის „ქართული ოცნების“ გუნდში იყო, ის ვერ შეფუთეს.

მსგავსი თემები