სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა – ლექტორის მიმართ სს საქმე დამძიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიმართ საქმე გადააკვალიფიცირა და “სისხლის სამართლის კოდექსის” 139-ე მუხლით დაიწყო.

„სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“ – ასეთია სს 139-ე მუხლის დასათაურება. მის მიხედვით, სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა, დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე.

თუ მუნიციპალური სამართლის ლექტორს, ომარ მახარაძეს დანაშაული დაუმტკიცდა, მას მხოლოდ ლექტორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას არ აკმარენ, ბათუმის საკრებულოს წევრის სტატუსსაც შეუჩერებენ და უფრო მეტიც, შესაძლოა, გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს.

ომარ მახარაძეს, 19 წლის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. ამბობს, რომ ინტიმური ხასიათის შეტყობინებებსა და ფოტოებს უგზავნიდა და მისგანაც ანალოგიურს ითხოვდა.

ლექტორს ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს, თუმცა, საკრებულოს წევრის სტატუსს, ჯერჯერობით ინარჩუნებს. ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, რომ სანამ თავად მახარაძეს არ მოუსმენენ, მის პოზიციას არ გაიგებენ და სანამ ფაქტები არ დადასტურდება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს, მან სხვა სტუდენტებსაც მოუსმინა, რომლებმაც საბჭოს ახალი მტკიცებულებები მიაწოდეს იმის შესახებ, რომ ლექტორს სექსუალური შინაარსის მიმოწერა სხვა სტუდენტ გოგონებთანაც ჰქონდა.

მახარაძე მივლინებიდან 28 მაისს უნდა დაბრუნდეს. უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ის უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.



მსგავსი თემები