სურსათზე ფასები გაფრინდა, მატება 100-200% და მეტია  

ნივრის ფასი 16-დან 30 ლარამდე გაიზარდა;  წიწიბურა 1,40-დან 6.00 ლარამდე,  ბროკოლი  6-დან 16 ლარამდე; კარტოფილი 1 – 1.20-დან 2.50-მდე; ყველი იმერული – 15 ლარი; სულგუნი 20 ლარი; ხორცი (საქონლის) 20-22 ლარი;  ვაშლი 2.20-დან 4.50-მდე. თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე მატება 100-200% და უფრო მეტია.     

„მედიაცენტმა მთავარმა“ მცირე ბაზრობების ფასებს გადახედა, რომელიც დიდ მარკეტებთან შედარებით იაფია, თუმცა, როგორც მატება საკმაოდ დიდია. ფასების ზრდაზე მომხმარებლებიც საუბრობენ.

თამარი:  „ძალიან გაიქცა ფასები. ყველაფერზე მოიმატა. დღესაც იმ პროდუქტების შესაძენად გამოვედი, რასაც ადრე, ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად მოვიხმარდით ოჯახში. თუ დაახლოებით 100 ლარის პროდუქტები ერთი კვირის მარაგი იყო, იგივე პროდუქტებში დღეს დაახლოებით 250 ლარი მჭირდება. არ ვსაუბრობ ფუფუნების საგნებზე, თუმცა, დღეს წიწიბურაც კი ფუფუნებაც იქცა. ადრე 1.20-1.40-ად თუ ვყიდულობდი, დღეს 6 ლარამდე გადავიხადე. წიწიბურას ლამის ხორცის ფასი დაედო. ძალიან გაზრდილია ბოსტნეულზე ფასები“.

გოგი: „ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. სურსათზე ფასები ძალიან გაიზარდა, ფულს ძალა დაეკარგა. 100%-ით და უფრო მეტით გაიზარდა. აგერ გეტყვით რა ვიყიდე და რამდენი დავხარჯე. 1 კილო წიწიბურა – 6 ლარამდე მივეცი; 2 კილო კარტოფილი ვიყიდე – 5 ლარი; 1 კილო ვაშლი – 4.50 ლარი; ბულგარული 8 ლარი ღირდა და მხოლოდ 3 ცალი ვიყიდე, ყველი ვერ ვიყიდე და ჩემი ფინანსებიც ამოიწურა“.

ლელა: „ფასები როგორ გადაირია აგერ თქვენც ხედავთ. ეს იცით რამ გამოიწვია, ის ფულიანი ხალხი რომ გავარდა, ბანკებიდან დოლარები გამოიტანეს და ტომრებით იყიდეს პროდუქტები. ეს ის ხალხია ვინც წიწიბურაში 4 ლარსაც გადაიხდიდა და 24 ლარსაც, თუმცა, რადგან ფული ქონდათ, იყიდეს. ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, უფულოებმა რა უნდა ვქნათ, რომლებმაც მარაგი ვერ გავიკეთეთ და დღეს 100%-იანი გაზრდილი ფასებით გვიწევს ყიდვა?“

რაც შეეხება დიდი ქსელურ მარკეტებს, იქ ფასები ბაზრის ფასთან შედარებით, გაცილებით მაღალია. „მედიაცენტრი მთავარის“  გამოკითხვით,  იქ, სადაც ადრე 100 ლარი იყო საჭირო, დღეს დაახლოებით 250 ლარი დაგჭირდებათ.    

მსგავსი თემები