სულხან სალაძე: „მოსამართლეების დაშინება და შანტაჟი გრძელდება”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები უზენაიესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობდნენ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, განაცხადა, რომ მოსამართლეთა შანტაჟი და დაშინება გრძელდება. მისი თქმით, მოსამართლეებს არ აქვთ დამოუკიდებლობის და თავისუფლების განცდა, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სალაძემ მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, რომელიც შეემთხვა ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც სალაძის თქმით, გავლენიანი ჯგუფის წევრი არ არის. მას კაბინეტში დაახვედრეს უხამსი შინაარსის ფოტო, რითაც თავისი ადგილი მიუთითეს და ქვეტექსტით უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ის არ არის. სალაძე მოსამართლის ვინაობას ვერ ასახელებს.

„მე არ ვიცი, რომელ მოსამართლეზეა საუბარი. მე, ვიცი მხოლოდ ის მოსამართლე, ვინც მე მესაუბრა. ცხადია, არც საქმის დეტალები ვიცი და საერთოდ, საქმეზე არც ყოფილა საუბარი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკეტილი კაბინეტი იყო, ანუ მისი სამუშაო ოთახი, რომლის გასაღებიც თვითონ მოსამართლეს ჰქონდა. საკუთარ კაბინეტში მას დახვდა ამობეჭდილი ფურცელი, რომელზეც განთავსებული იყო უცენზურო სურათი. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია. ამის შესახებ დღეს, მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ სასამართლო სისტემაში უბრალოდ, უფრო მეტ ღრმა პრობლემებს აქვს ადგილი, ვიდრე შეიძლება ეს მმართველი ჯგუფის ერთ ნაწილს წარმოუდგენია,“ – განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეს კონკრეტული ფაქტი 2012 წელს მოხდა, თუმცა ამგვარი შემთხვევები მრავლადაა, რითაც დასტურდება, რომ ერთგვარი გაფრთხილებისთვის მოსამარლეებს ეგზავნებათ მუქარის გზავნილები. ეხებოდა თუ არა ამ კონკრეტული მოსამართლის დაშინება რომელიმე სამართლებრივ დავას, სალაძეს პასუხი არ აქვს.

მოსამართლეების მუქარასა და დაშინებაზე სულხან სალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს.

მსგავსი თემები