სულხან მახათაძე მოხალისეთა ჯგუფებს შეხვდა და მუშაობის პრინციპზე შეთანხმდნენ

„ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“ – ამ დევიზით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში covid19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეთა ჯგუფს დღეს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე შეხვდა და მუშაობის პრინციპზე შეთანხმდნენ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოხალისეთა ამოცანაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დროულად გამოავლინოს და დახმარება გაუწიოს ყველა იმ პირს, ვისაც დახმარებას სჭირდება.

სულხან მახათაძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

„თქვენი მოხალისეობრივი საქმიანობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ვიმოქმედოთ ერთად და კოორდინირებულად“ – მიმართა მან მოხალისეებს.

მოხალისეთა ჯგუფი 135 წევრისაგან შედგება, რომლებსაც საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს.

მსგავსი თემები