“სუბელიანების მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთო?” – ზაზა სარალიძე გამოძიებით უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციას უერთდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე  უკმაყოფილოა შსს-ს მიერ გადადგმული ნაბიჯებით და აცხადებს, რომ ეს არის გადმოყრილი საკენკი, რომლითაც ის არ მოტყუვდება და ხვალ საპროტესტო აქციას კვლავ შეუერთდება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძემ დღეს განაცხადა, მან მოითხოვა კონკრეტული პირების დაკავება, მათ შორის საქმის პროკურორების, მირზა სუბელიანის მეუღლისა და შვილის, რომლებმაც კარგად იციან საქმის გარემოებების შესახებ და ფარავენ დანაშაულს.

ზაზა სუბელიანის თქმით, როდესაც მან შსს-ს თავისი არგუმენტები წაუყენა, მას უპასუხეს, – კარგი რა, მთელს ოჯახს ხომ არ დავაკავებთო?

” თუ მთელი ოჯახი დამნაშავეები არიან, დიახ, ოჯახის ყველა წევრს უნდა აგებინონ კანონის წინაშე პასუხი. მე არ მომითხოვია შოთაძის გადადგომა, მასთან პირადი  უთანხმოება კი არ მქონია. შოთაძეს უნდა დაეკავებინა კონკრეტული დამნაშავე პირები, მაგრამ როგორც ვატყობ ეს საქმე შოთაძის ზემოთ მიდის”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

​შვილმოკლული მამა მიესალმება შსს-ს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ აცხადებს, რომ ის ბრალდება რაც მირზა სუბელიანს გამოძიებამ წაუყენა, არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, რა ბრალდებითაც ის ითხოვდა სუბელიანის დაკავებას. ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ სუბელიანს წაეყენოს ბრალი გამოძიებაში უხეშად ჩარევისთვის

“6 თვის განმავლობაში ვიძახდი, რომ ეს პიროვნება საგამოძიებო საქმეში უხეშად ერეოდა. თუ მირზა სუბელიანმა ნახა მკვლელი, ე.ი დაფარა, ხომ?  მისმა შვილმაც დაფარა მკვლელი. მიხეილ კალანდია და უამრავი პროკურორები ჩამოვთვალე ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც უკვე მათი დაკავების საფუძველია”, – აცხადებს ზაზა სარალიძე და დასძენს, რომ მის ულტიმატუმს ვადა ხვალ, 10 ივნისს ეწურება.

მსგავსი თემები