სტრასბურგის საშობაო ბაზრობასთან მოკლულია 3, დაჭრილია 12 ადამიანი

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად, მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ტელეარხ BFMTV -ის ინფორმაციით, თავდამსხმელი მიიმალა. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო.

სროლების შემდეგ, საღამოს საათებში, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სრული მარშრუტით არც ავტობუსები და არც ტრამვაი იმოძრავებს.

მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები საფრანგეთის ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ გამკაცრდება. დაიკეტა ევროპარლამენტის შენობაც, რომელიც სტრასბურგში მომხდარი შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი ქურდობისთვის იძებნებოდა.

მსგავსი თემები