სტიქიის ზონაში წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა, ისინი რუსთავის სასტუმროში განათავსეს. სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკის გამოყენებით,  მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა მთავარი არხი, რის შედეგედაც წყლის დონემ დაიკლო. უახლოეს დღეებში დაითვლიან ზარალს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დატბორილი სახლებიდან მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ნავებით ახორციელებდნენ. ადგილზე 60-მდე მაშველი მუშაობდა, 10-ზე მეტი დატბორილი სახლიდან მათ 15 ადამიანი გამოიყვანეს.

ვითარებას ადგილზე გაეცნო ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მუნიციპალიტეტის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად.

მერის განცხადებით, სამაშველო ეკიპაჟების დახმარებით მოხერხდა დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებიც რუსთავის მერიამ ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, განადგურდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.

 

მსგავსი თემები