სტერეოტიპების გამო, ქალები ტექნოლოგიის სფეროში ვერ საქმდებიან – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არასათანადო მხარდაჭერისა და სტერეოტიპების გამო, საქართველოში, ქალები და გოგონები ხშირად მეცნიერების და ტექნოლოგიის სივრცის მიღმა რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ძალიან კარგად ითვისებენ ამ საგნებს და ძალიან კარგად სწავლობენ, მათ შორის, ხშირად ბიჭებზე უკეთეს შეფასებებს იღებენ, მაღალ კლასებში აღარ ირჩევენ ამ მიმართულებებს, რადგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებენ და უამრავი სტერეოტიპის გარემოცვაში ხვდებიან.

“ამ ყველაფერის გამო, ძალიან ბევრი გოგონა, რომელსაც არაჩვეულებრივი უნარი აქვს ძალიან კარგად დაიმკვიდროს თავი ტექნოლოგიების და მეცნიერების სივრცეში, შორდება ამ სფეროს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე – „Tech4Equality- ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“, სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას – გაითავისე თანასწორობა, აშენე გონივრულად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“, ეხმიანება.  

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ  იმ ბავშვების 65%, რომლებიც ამჟამად დაბალ კლასებში სწავლობენ, მომავალში ისეთ პროფესიებში დასაქმდებიან, რომლებიც სწორედ ტექნოლოგიებთან და მეცნიერებასთან არის დაკავშირებული. ზოგი ასეთი პროფესია დღეს, არც კი არსებობს, ეს ყველაფერი დროსთან ერთად განვითარდება.

“გოგონებს უნდა მივცეთ სტიმული და შესაძლებლობა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აირჩიონ ასეთი მიმართულებები, რომლებიც ტრადიციულად თუ სტერეოტიპის თვალსაზრისით, გოგონების პროფესიად არ მიიჩნევა. ეს მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის. მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მუშაობა არის არა მარტო პერსპექტიული, არამედ მაღალანაზღაურებადი და ის გოგონები, რომლებიც ამ სფეროს  აირჩევენ, შეძლებენ არა მარტო პერსპექტიული ადამიანები იყვნენ, არამედ საკმაოდ მაღალი შემოსავალი ჰქონდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინჟინერიის სფეროში, საქართველოში  ქალების 12%-ია დასაქმებული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი მაღალი არც გლობალური თვალსაზრისით არის და დაახლოებით 30%-ს შეადგენს, საქართველოს შემთხვევაში მაინც დაბალია.   

როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, პარლამენტი დიდ ყურადღებას უთმობს, როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებს, ასევე ტექნოლოგიების თემას. პარლამენტში არსებობს გენდერული  თანასწორობისა და ღია მმართველობის საბჭოები, სადაც თანდათან ინერგება ეს მიმართულებები. კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად დატოვონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით.

“გაეროს დახმარებით და მხარდაჭერით, ვცდილობთ, ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად გამოვიყენოთ ჩვენს სამუშაო პროცესში და სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ არა მარტო ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობის შესახებ, არამედ ინტერაქტიული კომპონენტების დახმარებით ჩვენთან დაკავშირება გავუმარტივოთ.  

მსგავსი თემები