“სტამბულის ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის 

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის  ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს. ზარალის აღრიცხვის გარდა, პირველ ეტაპზე ზიანის იდენტიფიცირება განხორციელდება, რათა დახმარება კანონიერ სივრცეში გაიცეს და ყველა პროცედურა კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდეს.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, ხანძრისგან მიყენებული ზარალის განსაზღვრის პროცესში მოვაჭრეებმა უნდა წარადგინონ ყველა საგადასახადო დოკუმენტი, ვინაიდან დაზარალებულების ნაწილს მოწესრიგებული აქვს ბუღალტერია, ნაწილი კი მცირე მეწარმეა.

„ამ საქმეს ჩვენ დღესვე შევუდგებით, ბუნებრივია, მოქალაქეებს უნდა გაეწიოთ დახმარება, მაგრამ ეს ყველაფერი კანონიერ სივრცეში უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია იდენტიფიცირება მოვახდინოთ ზარალის და განვსაზღვროთ რა მიმართულებით შეგვიძლია მათი დახმარება“, -განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე დამწვარია ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა. ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა. ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან. ხანძრის შედეგად 100- ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა.

მსგავსი თემები