„სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, გამსაღებლებმა კი ერთ თვეში 15 ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირეს“ – ინა ასანიძე

 

„18-19 წლის ასაკში, ჩემი თაობა რუსთაველის გამზირზე ღამეებს ვათენებდით, თუმცა, მაშინ სხვა ღირებულებებისთვის ვიბრძოდით და ვერასდროს ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ იმავე ადგილას იმ სურათს ვნახავდით, რასაც დღეს ვხედავთ. ფეხქვეშ გათელეს ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენი თაობა იბრძოდა,“ – აცხადებს ყოფილი ემიგრანტი, „მე დავბრუნდების“ დამფუძნებელი ინა ასანიძე „მთავართან“ საუბრისას და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ემიგრაციის გულისტკივილსაც გამოხატავს.

„ჩვენ გავიარეთ წლები, როცა თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა ნარკომანიის ჭირთან შეხება და მასთან ბრძოლის გამოცდილება, ყველანი ვუპირისპირდებოდით ამ სენს. დღეს კი მგონია, რომ პირიქით ხდება – პროპაგანდა და წახალისება. რამდენიმე ქვეყანაში მიცხოვრია, კლუბებში მსგავსი ოპერაციები ყველგან ხდებოდა, სადაც კონკრეტული დანაშაულის ფაქტები არსებობდა. დღეს კი სახეზე გვაქვს ფაქტები, თან იმდენად მძიმე ფაქტები, რომ ახალგაზრდები ამ ჭირის გამო იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ. ამ ყველფერს კლუბურ ცხოვრებას და მასთან ბრძოლას ვერანაირად დავუკავშირებ. სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, გამსაღებლებმა კი ერთი თვის განმავლობაში 15 ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირეს,“ – აცხადებს ასანიძე „მთავართან“.

ყოფილი ემიგრანტი, რომელმაც ემიგრაციაში წარმატებულ ცხოვრებაზე თქვა უარი და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, აცხადებს, რომ ქართველი ემიგრანტები თითქმის ყველა ქვეყნიდან უკავშირდებიან და მძიმე ტკივილს გამოხატავენ იმის გამო, რაც დღეს მათ ქვეყანაში ხდება. მისი შეფასებით, ნარკომანია და წამალთან კავშირი ყოველთვის სირცხვილი იყო და კითხვას სვამს – დღეს რა გვჭირს?

„მეამაყება ჩემი ქვეყანა, მეამაყება ჩემი ქართველობა, ჩვენი გამოცდილებით, ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობითა და უამრავი თვალსაჩინოებით, მაგრამ არა ნარკოტიკებითა და ნარკომანებით. საკმარისია ამდენი სიკვდილი. ნარკოტიკებისთვის შემოსული ტურისტი არ მჭირდება ჩემს ქვეყანაში. ყოველთვის ვწუხდი იმაზე და ვფიქრობდი, რომ ემიგრაციაში წასული ახალგაზრდა ქვეყნისთვის დაკარგული იყო, თუმცა, ისინი ქვეყანას ასახელებენ, წარმატებებს მიაღწიეს, ცნობილი და ცნობადი ადამიანები გახდნენ და სადაც არიან, ქართულ, წარმატებულ საქმეს აკეთებენ, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მძიმე წარსულს დავუბრუნდეთ, ჭირს – ნარკომანიას, გავანადგურებინით ახალგაზრდა თაობა,“ – აცხადებს ინა ასანიძე.

მსგავსი თემები