სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 30 წლისაა – საიუბილეო ღონისძიება თბილისში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის” დამაარსებელს – გიორგი რატიანს, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

ღონისძიება სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“, დაარსებიდან ოცდაათი წელს მიეძღვნა. მის დამაარსებელს, ცნობილ მსახიობს და რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანს კი – სასცენო მოღვაწეობის სამოცდახუთი წელი შეუსრულდა.

როგორც ეგუჯა (გია) გვაზავამ აღნიშნა, „თეთრი ტალღა“ სოხუმში ქართული საბავშვო თეატრის სახით შეიქმნა და მნიშვნელოვანი სიახლე იყო აფხაზეთში ქართული კულტურის განმტკიცების გზაზე: „სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ, მალე იქ გაჩაღებულმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომმა, მოზარდთა თეატრის ფუნქციონირებას წერტილი დაუსვა. ბატონი გიორგი რატიანის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მან, სოხუმში, ძალზედ საინტერესოდ დაწყებული, მაგრამ საომარი მოქმედებებისა და სოხუმის დაცემის გამო შეწყვეტილი ბავშვთა თეატრის მოღვაწეობა დევნილობის პირველივე წლებიდან დედაქალაქში აეღორძინებინა. გიორგი რატიანმა კვლავ შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები აფხაზეთიდან და ხელოვნების ცალკეულ გულშემატკივართა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანადგომით „თეთრმა ტალღამ“ თბილისში დაიწყო ფუნქციონირება როგორც მოზარდთა ანგარიშგასაწევმა ხელოვნების ცენტრმა. გიორგი რატიანისა და მოზარდთა დასის შემოქმედებითმა მიღწევებმა განაპირობა, რომ „თეთრ ტალღას“ სახელმწიფო თეატრის წოდება მიენიჭა“.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – „თეთრი ტალღას“ დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები