სოციალური ქსელის ნებისმიერი მომხმარებელი დაუცველია, დაზარალებული იდენტიფიცირებული არ არის – ადვოკატი

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ბრალდებით, რამდენიმე პირის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა დაზარალებული ექსპერტიზის მიერ იდენტიფიცირებული არ არის, არასწორია ადამიანების დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული ვიდეო მათ მობილურ მოწყობილობაში აღმოაჩნდათ და თუნდაც გაავრცელეს.

​მისივე თქმით, ანალოგიური საფრთხისგან არც ერთი მოქალაქე არ არის დაზღვეული და სოციალური ქსელის ნებისმიერი მომხმარებელი შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე, მაშინაც კი, თუ დაზარალებული იდენტიფიცირებული არ არის. 

როგორც ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ვიდეოჩანაწერი არ იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას და საქმეში არ მოიპოვება დასკვნა, რომ ჩატარდა ექსპერტიზა. არ არის დადასტურებული, რომ პიროვნების, ამ შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საიდუმლო იქნა ხელყოფილი და რომ ვიდეოკადრებში გადაღებული პირი ნამდვილად ბესელიაა.  

​მისივე თქმით, შესაძლოა თავად აღნიშნული კადრები არ წარმოადგენდეს საიდუმლო ინფორმაციას. იმისათვის, რომ დადგეს კანონიერი განაჩენი, მარტო სავარაუდო მსხვერპლის ჩვენება საკმარისი მტკიცებულება არ არის. ასევე, არ არის შესწავლილი რა მიზნით ავრცელებდნენ დაკავებული პირები აღნიშნულ ვიდეოს.  

“როცა დანაშაულზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პირის ქცევაც შევისწავლოთ, თუ რა იყო მისი მიზანი. იყო თუ არა მისთვის აღნიშნული პიროვნება იდენტიფიცირებული? განზრახვები და დანაშაულის აუცილებელი ელემენტები უნდა დადგინდეს. ინტერნეტში ათიათასობით არის განთავსებული აღნიშნული ტიპის ვიდეო და თუ დაზარალებულს მნიშვნელობა არ აქვს, გამოდის, რომ პროკურატურა ვალდებულია ნებისმიერი ასეთი ტიპის ინფორმაციაზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ცხადია, ეს არ იქნება სწორი. ბრალდებამ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად იდენტიფიცირებულია, ამისთვის მხოლოდ, ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებები საკმარისი არ არის. ეს უნდა დადასტურდეს კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნებით. დღეს, არა ერთი ტექნიკური საშუალებები არსებობს, რომ მიმსგავსებული იყოს ადამიანი. თუ არ მოხდება ამ პიროვნების იდენტიფიცირება უკვე საქმე გვექნება მცდარი ინფორმაციის გავრცელებასთან”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა გამოძიებამ ამ კუთხით იმუშაოს, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი პირის იდენტიფიცირების გარეშე ვერ შეიქმნება. შესაბამისად, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გამო, დაკავებული პირების მსჯავრდება სსკ 157(1) მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია. 

“პირის იდენტიფიცირება სათანადო წესით თუ არ მოხდება, ასეთი ტიპის საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ შსს-მ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა.

მსგავსი თემები