“სოციალური პროექტებისთვის 5.2 მილიარდი ლარი გამოიყოფა” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტარებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მთავრობა პრიორიტეტად კაპიტალურ ხარჯს და ინფრასტრუქტურას ასახელებს, რამაც საერთო ჯამში ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იმოქმედოს.

“16 მილიარდიანი ფინანსური რესურსის 91% ხმარდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელზეც მთელი ბიუჯეტის 5.2 მილიარდი იხარჯება.

საგზაო მუნიციპალური და სხვა ინფრასტრუქტურის დაფინანსება 3 მილიარდი ლარი, განათლებას და განათლების ინფრასტრუქტურას გამოყოფილი აქვს 1.9 მილიარდი ლარი. უსაფრთხოების მიმართულებით – ჯარის, პოლიციის და სხვა უწყებების დაფინანსებაზე მიემართება 2 მილიარდ ლარამდე.

საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის აღებული სახელმწიფო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიემართება მთლიანი ბიუჯეტის 1.7 მილიარდი ლარი. კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე იხარჯება 500 მილიონ ლარზე მეტი.

მცირე მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის და ინოვაციური პროექტების დაფინანსებაზე მიემართება 260 მილიონი ლარი. მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 9 % მიემართება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სისტემის, საქართველოს პარლამენტის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის და სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების, ასევე ისეთი სამინისტროების დაფინანსებას, როგორიცაა საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტრო და ასევე მუნიციპალური მმართველობის ორგანოები,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები