სოციალურად დაუცველებისთვის ფონდი „ერთმანეთისთვის“ ბათუმში დაფუძნდა

„სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ინიციატივით, აჭარის სპორტულ საზოგადოებასთან, პარტნიორ კომპანიებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქველმოქმედო-სპორტული ფონდი “ერთმანეთისთვის” დაფუძნდა.

როგორც „სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ფონდის მიზანია რეგიონში იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ფონდი მიზნად ისახავს ამ ეტაპზე, ჩვენს რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებისთვის მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, კერძოდ მატერიალურ – მორალურ მხარდაჭერას. ჩვენი ფონდის სახელწოდება, სლოგანი “ერთმანეთისთვის” ნათლად გამოხატავს ჩვენს უანგარო დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი და სურვილს, რომ მაქსიმალურად ყველა იმ ოჯახს აღმოვუჩინოთ დახმარება, რომელიც ამ საჭიროებების წინაშე დგას“ – აღნიშნა უნგიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

ფონდს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა გააჩნია და ის სრულიად დამოკიდებულია, სპორტული საზოგადოების, გულშემატკივრებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შემოწირულობებზე.

„დღევანდელი დღე, იყო დასტური იმისა, რომ ერთად, ერთმანეთის გვერდით დგომით, ჩვენ არაერთი ოჯახისთვის შეგვიძლია, უახლოესი დღესასწაულების გალამაზება და ეს გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ დავძლიოთ მძიმე სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში“ – აცხადებს უნგიაძე.

მსურველებს, ვისაც გარკვეული ქველმოქმედების გაღების სურვილი გააჩნია, ბათუმის სარაგბო არენა (მის. ლეონიძის #2 ) მზად არის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მიიღოს შემოწირულობა.

მსგავსი თემები