სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნება. აღნიშნული თანამდებობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.

ინფორმაციას თავად მომღერალიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი საკურატორო სფერო მერიაში ძირითადად კულტურის, სპორტისა და განათლების სფერო იქნება.

ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობაზე სოფო ხალვაშის კანდიდატურა მერმა, ლაშა კომახიძემ წარადგინა.

„ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი. მე უფრო კულტურის მიმართულებით ვიმუშავებ.  შევეცდები ჩემი გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო. მაქვს რაღაც იდეები და თუკი მექნება ამ იდეების განხორციელების საშუალება, რის გამოც დავთანხმდი ამ ყველაფერს, კარგი იქნება“, – აცხადებს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ სოფო ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დილის ტალღის“წამყვანი იყო. ის  მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო. არაერთხელ იმღერა ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე, რის შემდეგაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ის არჩევნების წინა დღეების ეთერიდან ჩახსნა.

სოფო ხალვაში ამბობს, რომ მას აჭარის ტელევიზიიდან წამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი მისთვის ცნობილი არ არის.

 წყარო: “ბათუმელები”

მსგავსი თემები