სმიტების მკვლელობის საქმის დეტალებით აშშ-ს საკონსულო დაინტერესდა

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ​სასამართლო პროცესს, საქართველოში აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.  

​როგორც ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ​ალექსანდრე კობაიძე “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ში გამგზავრება და მოკლულის ოჯახის წევრებთან შეხვედრა მას ერთი თვის წინათ სცადა, მაგრამ მაშინ აშშ-ს საკონსულოსგან უარი მიიღო. ამჯერად კონსულმა თავად ისურვა ბრალდებულის ადვოკატებთან შეხვედრა და საქმის დეტალებით დაინტერესდა. 

“აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან აქამდე, აქტიურობა არ შეინიშნებოდა, თუმცა ახლა კონსულისგან თანხმობა მივიღეთ. ეს ძალიან კარგია და ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე სწორი მიმართულებით მიდის და კობაურის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ჩემის აზრით, მათაც შეეცვალათ, გარკვეულ წილად, მიდგომები და ისინიც უკვე დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა სმიტებს მტრები, მათი საქმიანობიდან გამომდინარე ჰყოლოდათ. ამ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრები უნდა ფლობდნენ. კერძოდ, რა წრესთან ჰქონდათ ურთიერთობა, პირადი მტრები ხომ არ ჰყავდათ. რაიან სმიტი მკვლევარი იყო. იგი იკვლევდა კონფლიქტებს კავკასიის რეგიონში. მე ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლებელია ამ კუთხითაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეთ მისი ოჯახის წევრებს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს. დანარჩენი გამოძიების საკითხია”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

მისივე შეფასებით, პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებებში მთელი რიგი ხარვეზებია დაშვებული. მათი საქმიანობიდან გამომდინარე ხომ არ იყო შესაძლებლობა, რომ სხვა ჯგუფს ჩაედინა ეს დანაშაული. 
ეს ​კითხვები მოკლულის ძმასაც აქვს. ასეთი ადამიანები, როცა გაუჩინადრებიან და აღმოჩნდება, რომ მწყემსმა  ჩაიდინა დანაშაული, ჩემთვის არადამაჯერებლია. ეს ადამიანები სასამართლოზე უნდა დაიკითხონ, მათ უნდა ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია. აპრილში, როცა სასამართლო პროცესები დაიწყება, ჩვენ წავალთ აშშ-ში. სასამართლო დაიწყება მარტის დასაწყისში და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება”, – განაცხადა ადვოკატმა “მთავარში”. 

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, ალექსანდრე კობაიძის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის სამუდამო პატიმრობამისჯილთა საკანში იმყოფება, რაც მისი ადვოკატების თქმით, კანონდარღვევაა. ციხის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში კობაურს სამარტოო საკანში მოუწევს ყოფნა, რაზეც უარს ის თავად ამბობს.

მათივე აზრით, კობაურის უსაფრთხოების გათვალისწინებით უმჯობესია სხვა პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდეს.  

“მალხაზ კობაური განიცდის, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილთა საკანში იმყოფება, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ვითარება შეიცვლება და მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. სტრესულ მდგომარეობაში უწევს ყოფნა”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

მოამზადა შორენა ქარჩავამ

მსგავსი თემები