“სკოლის საპირფარეშოებში ინფექციის რისკი ძალიან მაღალია – რას ავალდებულებს ჯანმო სკოლებს?! – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“სკოლებში მერხებს შორის დისტანცია ერთი მეტრი უნდა იყოს; სკოლის ტრანსპორტში მოსწავლეების მეჩხერად უნდა გადანაწილდნენ“ – ეს არის ამონარიდი იმ სავალდებულო რეკომენდაციებიდან, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწესებს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ სკოლებს გაუჭირდებათ ამ რეკომენდაციების დაცვა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ეს არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. ძირითად რეკომენდაციად რჩება სოციალური დისტანცირება. მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული; სასკოლო ტრანსპორტში ბავშვები მეჩხერად უნდა იყვენ განლაგებული; სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებებით; პირბადის ტარებაზე მკაფიო რეკომენდაცია არ არის, რადგან, მცირე ასაკის ბავშვებისთვის რთულია და ამიტომ მისი ტარება ინდივიდუალური განხილვის თემა უნდა იყოს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ხანდაზმულმა ოჯახის წევრებმა არ წაიყვანონ და არ მოიყვანონ ბავშვები სკოლაში, რადგან ეს ადამიანები რისკჯგუფში არიან“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ინფექციონისტის განცხადებით “ჯანმოს” რეკომენდაციების დაცვა დიდ სკოლებში გაცილებით რთული იქნება, თუმცა საჭიროა ინდივიდუალურად განიხილოს შესაძლებლობები.

„როცა სკოლაში დისტანცირების დაცვაზე ვსაუბრობთ ჩნდება კითხვები – არის თუ არა საკმარისი რესურსი, რომ გაიყოს კლასი? არის თუ არა საკმარისი მასწავლებელი, რომ ორ ცვლიან სისტემაზე გადავიდეს სკოლა და ა.შ. ამიტომ, “ჯანმოს” რეკომენდაციაა, რომ ინდივიდუალურად მოხდეს განხილვა და სადაც ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს დისტანცირების დაცვა. ასევე რეკომენდაციაა, რომ სკოლები, დასაწყისისთვის, შეძლებისდაგვარად გადავიდნენ შერეული ტიპის სწავლებაზე. მაგალითად სადემონსტრაციო გაკვეთილები სადაც არის, ის ჩატარდეს კლასში და თეორიული გაკვეთილები კი, ისევ ჩატარდეს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრ მუშაობას მოითხოვს და ლოჯისტიკურად რთული შესასრულებელია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/ვირუსი-არ-გაქრება-ინფექც/

მსგავსი თემები