სკოლები დაიხურა, მოსახლეობა ევაკუირებულია – საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს

ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და მოწოდებების მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეები შეტაკებებს არ წყვეტენ.

ისრაელის მხარე არ ადასტურებს პალესტინელი მაღალჩინოსნების განცხადებას რომ თითქოს, ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შედგა. შეტაკებებიდან გამომდინარე, ყველა სკოლა დაიხურა და მოსახლეობა ევაკუირებულია.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში საქართველოს საელჩომ, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქცია გამოაქვეყნა.

„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები. შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები. სამ ან უფრო მაღალ სართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი)უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ. სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება. სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, – ვკითხულობთ საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები