“სიცხიანმა და ნამძინარევმა ვიფიქრე, ვიდეოს დავაჭირე მეთქი, “ლაივი” საიდან ჩაირთო, არ ვიცი” – ემზარ კვიციანი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი „მედიაცენტრ მთავართან“, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

როგორც ცნობილია, დეპუტატს შემთხვევით „ფეისბუქლაივი“ ჩაერთო, რაც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

როგორც კვიციანი აცხადებს, მაღალი სიცხის გამო აქციაზე წასვლას ვერ ახერხებდა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო და ამის სათქმელად კოლეგისთვის უნდა დაერეკა, რა დროსაც, შემთხვევით „ფეისბუქლაივი“ ჩაირთო.

„ავად ვარ, გაციებული ვარ, რაღაც ვირუსი შემეყარა. იმ დღეს სხდომაზე მივედი, რეგისტრაციაც გავიარე, მაგრამ სიცხემ ამიწია და სახლში წამოვედი… ჩავწექი, ჩაი და წამლები დავლიე და თურმე ჩამძინებია. არადა, სამ საათზე სასამართლოსთან, აქციაზე უნდა ვყოფილიყავი, სიტყვით უნდა გამოვსულიყავი.

ამის გამო გავხსენი ფეისბუქი და ვუყურებ, აქციაა და გიორგი კასრაძე გამოდის სიტყვით. მინდოდა მისთვის დამერეკა და მეთქვა, მოსვლას ვერ ვახერხებ მეთქი, მაგრამ ეს „ლაივი“ საიდან ჩაირთო, არ ვიცი. ეტყობა რაღაცას დავაჭირე ხელი“, – აღნიშნავს ემზარ კვიციანი „მთავართან“.

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებში საკმაოდ კარგად ერკვევა, მაგრამ სიცხიანსა და ნამძინარევს რაღაც აერია.

„არადა, კარგად მესმის ეს საქმე. კომპიუტერში კარგად ვერკვევი, შეიძლება პროგრამაც დაგიყენოთ თუ დაგჭირდებათ. ეტყობა, სიცხიანმა და ნამძინარევმა ვიფიქრე, ვიდეოს დავაჭირე-მეთქი, მაგრამ თან ახლა ვხედავ, რომ ესემესები მოდის, – რა გჭირსო, მეკითხება ერთი, მერე – მეორე, შემდეგ, – მესამე… უკვე ძალიან ბევრი ესემესი რომ წამოვიდა,  პირდაპირ ეთერში ხომ არა ვარ-მეთქი, ვიფიქრე.

იმიტომ შევიცხადე, რომ არ ვიყავი ისეთ ფორმაში და ისეთ ადგილას, რომ ჩართული ვყოფილიყავი. თან პირსახოცი მქონდა გადაფარებული და ცოტა უხერხულად ჩავვარდი ამის გამო, რა თქმა უნდა“, – აღნიშნავს დეპუტატი.  

მისივე განმარტებით, არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის სათავისოდ გამოყენება სურდათ, თუმცა, პირიქით გამოუვიდათ.  

„არაკეთილმოსურნეებმა აიტაცეს ეს ფაქტი, რადგან ეგონათ, რომ ამით რაღაცას დამაკლებდნენ, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი „ლაიქი“ მოუგროვებია მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოს“, – აცხადებს დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ემზარ კვიციანი საკუთარი საძინებლიდან, 7 წუთის განმავლობაში, “ფეისბუქლაივში” იყო ჩართული, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ერთგვარი მხიარული რეაქცია გამოიწვია.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები