“სიცრუეა თითქოს, საახალწლო სცენის მოსაწყობად თბილისის მერია 2 მლნ ლარს დახარჯავს” – კახა კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საახალწლო სცენის მოსაწყობად მერია 2 მლნ ლარის ხარჯვას გეგმავს სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, სადღესასწაულო ღონისძიების მოწყობილობებზე, რომელიც 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებებისთვისაა საჭირო და 1 მლნ 61 ათასი ლარს შეადგენს.

“ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, რომელთა შორისაა, „თბილისობა“, 26 მაისის დღესასწაული, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“, ეს მოწყობილობები კი, ყველა ამ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს. „რუსთავი 2“-ს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, თითქოს 2 მლნ იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახა კალაძე ან „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოუწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. მერი პირად ვალდებულად მიიჩნევს, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ხოლო  სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს ურჩევს, მედიით გასული არც ერთი ტყუილი რეაგირების გარეშე არ დატოვონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია.

“ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები