სიცოცხლის ბოლომდე, მარნეულსა და ბოლნისში COVID-19-ით დაავადებულთა გამოვლენაზე მუშაობდა, გულმა ვერ გაუძლო და უმტყუნა  

განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტი – ეს სწორედ ის სივრცე იყო, სადაც ზურაბ მირიანაშვილი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და არსებული მაღალი რისკის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ლაბორატორიული დადასტურებისთვის მასალის აღების პროცესში იყო ჩართული. თუმცა, გულმა ვერ გაუძლო „ვირუსის“ აქტიურ შემოტევას და უმტყუნა.

გარდაცვლილი ზურაბ მირიანაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს თანამშრომელი იყო.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ის იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი. მას პირადი მაგალითით, სიტყვით და საქმით, ყოველ დღე და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ქვეყნის კეთილდღეობაში.

„ბატონი ზურა 1991 წლიდან დღემდე, მაღალი პროფესიონალიზმით და უშრეტი ენერგიით ემსახურებოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ზრდიდა პროფესიულ კადრებს, უხვად უზიარებდა სხვებს ცოდნას და გამოცდილებას, წარმატებით უძღვებოდა მისი შრომისმოყვარეობით და ნაყოფიერებით გამორჩეული კარიერის ბოლომდე.

სიცოცხლის ბოლო დღემდე აქტიურად მონაწილეობდა როგორც თბილისში, ისე მარნეულსა და ბოლნისში COVID-19 დაავადებული პაციენტების გამოვლენის, ეპიდემიოლოგიური კვლევის და ლაბორატორიული დადასტურებისთვის მასალის აღების პროცესში. მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო. ბატონმა ზურამ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის. მისი უდროოდ წასვლა ჩვენი ცენტრისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ მირიანაშვილი გუშინ გარდაიცვალა.  

“მედიაცენტრი მთავარი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს, სრულიად სამედიცინო საზოგადოებას.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები