„სისხლიანი რეჟიმის“ გაკეთილშობილება პრაქტიკულად შეუძლებელია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ხაზგასმით, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“ – აცხადებს პარტიის გასაძლიერებლად, პოლიტიკური მდივნის სტატუსით პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი.

ის „ქართული ოცნების“ ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრებს შეახსენებს, ის მთავარი, ვინც ქვეყანას „სისხლიანი“ რეჟიმი ჩამოაშორა, არასდროს უნდა დაავიწყდეთ.

„რომ არ ყოფილიყო ლიდერი, გამაერთიანებელი მთელი ამ პროცესების, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც არის ”ქართული ოცნების“ წევრი. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პოლიტიკურ პროცესებს, ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება და შეუძლებელი შევძელით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს „იმ რეჟიმის“ გამოსწორებისა და გაკეთილშობილების იმედი ჰქონდა, თუმცა, თავად ყოველთვის ფიქრობდა რომ „სისხლიანი რეჟიმი“ არ გაკეთილშობილდებოდა.

„ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი მესიჯი იყო, რომ მას სურს, გააერთიანოს ხალხი, რომ ის იქნებოდა პრემიერ-მინისტრი ყველასი, რომ ის არ დაყოფს საზოგადოებას არც „ნაციონალებად“, არც „ოცნების“ მიმდევრებად და ა.შ. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური მოწოდება და სურვილი ბევრისთვის იყო დაუჯერებელი. მე არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორებიც არიან სააკაშვილი ან სხვა იმ „სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლები. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ იმ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება, არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები