“სისტემა რომ არ ჩაიკეტოს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 6 წლით უნდა შეჩერდეს”- ეკა ბესელია

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მოითხოვს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 6 წლით შეჩერდეს, სანამ არ განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები არ მოვლენ.

როგორც ეკა ბესელიამ დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და ცნობილ, 10-კაციან სიაში დასახელებული მოსამართლეები უვადოდ არ გამწესდნენ თანამდებობებზე.

​ბესელიას თქმით, ამ ინიციატივას პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი აწერს ხელს და იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს სრული უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. 

“ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე არის შესაძლებელი, რომ იუსტიციის საბჭომ პირველადი გამწესების შემთხვევაში გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერებას პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში. ამ ინიციატივით, დროებით შეჩერდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და პარალელურად უნდა დავიწყოთ მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ღიად დარჩენილი საკითხები სამართლებრივი გადაწყობა. სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს ნორმები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

​​მისივე თქმით, ინიციატივა პარლამენტი უკვე დარეგისტრირებულია და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არსებულ სპეციალურ მუხლს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

მსგავსი თემები