სისტემატური წასვლა “ქართული ოცნებიდან” – “პოლიტიკოსი გუნდის წესებს უნდა ემორჩილებოდეს”

მმართველი გუნდიდან ზოგიერთი დეპუტატების წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ თანაგუნდელების მხრიდან ასეთმა განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც მისთვის მიუღებელია.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, თავად ის საპარლამენტო უმარვლესობის დატოვებას არ გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი ხნით ადრე არ დააანონსებს. 

“წასვლას თუ გადავწყვეტ, თვეების განმავლობაში არ დავაანონსებ, რომ მივდივარ”, – აცხადებს დეპუტატი.

მაჭარაშვილი კოლეგებს ურჩევს, თამაშის იმ წესებს დაემორჩილონ, რომელიც პარტიაში არსებობს. მისივე თქმით, ბუნებრივია, გამოთქვან განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებები, თუმცა, გარკვეული შიდა საკითხების საჯარო სივრცეში გამოტანა პარტიის იმიჯს აზიანებს.


“მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გუნდში შიდა სამზარეულოს არსებობას? არ მახსენდება არც ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც თამაშის ასეთი წესებით ჩამოყალიბდა და განვითარდა. ნებისმიერ, მათ შორის უცხოეთის პოლიტიკურ პარტიებში, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული აზრები, მაგრამ, სანამ პოლიტიკური გუნდი ინარჩუნებს ერთიანობას, ეს უნდა მოხდეს გუნდის შიგნით. საჯარო სივრცეში შესაძლებელია ვთქვა, რომ მაქვს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ, შიდა სამზარეულოს გამოტანა და ამით სარგებლობა ჩემთვის მიუღებელია”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

მისი აზრით, პოლიტიკური კონიუქტურა აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა პოლიტიკოსმა. თამაშის იმ წესების სისტემატური დარღვევით, რომელიც პოლიტიკურ გუნდში არსებობს, კონტროლი იკარგება. ძალიან ძნელია, იმის გარკვევა, საჯარო სივრცეში გაკეთებული რომელი განცხადება არის სწორი და რომელი არასწორი.

“ძალიან ძნელია, გაარკვიო, შიდა სამზარეულოდან გატანილი ინფორმაცია ბოლომდე სიმართლეა თუ არა”, – მიაჩნია დეპუტატს.   

მსგავსი თემები