„სირიის გორგალის გადაჭრას პერსპექტივა არ აქვს, ეს მუდმივი გორგალია“ – მამუკა არეშიძე

„მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაში ძირითადი მოთამაშეები  რუსეთი, აშშ და ჩინეთია. როგორც კი მეოთხე გამოჩნდება, სამივე ერთად დგება“ – აცხადებს მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე თქმით, ამ მსოფლიო წესრიგის ხელში ჩასაგდებად 1990 წლიდან, მას შემდეგ იბრძვიან, როცა ის დაინგრა, თუმცა, დღემდე ვერ შეიქმნა.

„მსოფლიო არენაზე გაჩნდეს სხვა ძლიერი მოთამაშეები, ისეთი, როგორიც ჩინეთი და მოძლიერებული რუსეთია. მათ ადრე არსებული  მსოფლიო წესრიგი არ აწყობთ და ცდილობენ, საბანი თავის მხარეს გადმოატრიალონ. მთელი ეს 27 წლიანი პერიოდი, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაა. ძირითადი მოთამაშეები არიან რუსეთი, აშშ და ჩინეთი.  ის ვითარება, რომელიც დღეს ახლო აღმოსავლეთშია, სერიოზული კრიზისია, ჩიხში შევიდა და გამოსავალს ვერცერთი მხარე პოულობს, რადგან დიდი უპირატესობა არცერთს გააჩნია“ – განუცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მისივე შეფასებით, როგორც კი მსოფლიოს წესრიგის ჩამოყალიბების საქმეში  სხვა ჩაერევა, ეს სამი ქვეყანა, იმ წუთში ერთ პოზიციაზე დგება იმისათვის, რომ ის მეოთხე არ გამოჩნდეს.

„ყოველთვის, ყველა, ვინ ამ რეგიონში ოპერირებს, ცდილობს,  ქურთები გამოიყენოს. ხშირად, ქურთებიც ცდილობენ, რომ თავისი თავი გამოაყენებინონ. რადგან ყოველთვის ასე ხდება, ქურთები მიეჩვივნენ იმას, რომ ისინიც ყოველთვის ვიღაცის იარაღი არიან პოლიტიკის მისაღწევად. მათი სახელმწიფოებრიობის შექმნას ამიტომ არ დაადგა საშველი საუკუნეების განმავლობაში. რუსებიც გადასარევად იყენებდნენ და ახლაც იყენებენ ქურთებს. როდესაც ქურთები დეკლარირებულად აშშ მოკავშირეები იყვნენ, ამ პერიოდშიც კი ისევ სირიელ ქურთებში იყო ჯგუფები, რომლებიც რუსების ინტერესებზე მუშაობდნენ. ჩრდილო აღმოსავლეთ, სირიის ტერიტორიაზე, სადაც ქურთებიც ცხოვრობენ,  თურქების მოკავშირენიც არიან. ის ტერიტორია, ფაქტიურად რჩება თურქეთის ტერიტორიის კონტროლის ქვეშ. ესაა ჩრდილო სირიის მცირედი მონაკვეთი. ცენტრალური მონაკვეთი კი, სადაც ოპერაციის მთავარი სივრცეა, იქ თურქეთს არ გამოუვიდა ის რაც უნდოდა“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისივე შეფასებით, სირიის გორგალი გადაუჭრელია და მას უახლოეს პერსპექტივაში შედეგი არ ექნება.

„სირიის გორგალი ისეთია, რომლის გადაჭრას უახლოეს მომავალში პერსპექტივა არ აქვს. ესაა მუდმივი გორგალი. რადგან მუდმივი გორგალია, ამ რეალობაში მოგვიწევს მუდმივად ცხოვრება. ამიტომ, ეს უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და საზოგადოებამაც. როცა იქმნება საქართველოს ხვალინდელი სტრატეგიული გეგმა, ეს ფაქტორი უნდა გათვალისწინებული იყოს ამ მოცემულობით“ – განუცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები