„სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა“- ამირან სალუქვაძე

„კოლეგებს ვთხოვ თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქაეთველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება. დავაკვირდეთ სირიას“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე თურქული და რუსული მედიის რიტორიკის შეცვლაზეც საუბრობს, მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას თურქეთის მიმართ.

„ნატო, მიუხედავად ერდოღანის მიმართვისა, ჯერ ვერ ხედავს მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროებას. ამერიკა, როგორც ადრე მოგახსენეთ, თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ანკარას, უარი თქვან რუსულ ს-400-ებზე. თურქეთში უშიშროების საბჭო მიმდინარეობს, რომელიც უკვე მრავალი საათია გრძელდება. სერიოზული დანაკარგების ფონზე, არაა გამორიცხული რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. საბრძოლო მოქმედებებს კი, იდლიბის რაიონში, უშუალოდ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს ბევრზე მეტყველებს. მივადევნოთ თვალი. პროგნოზებისგან თავის შეკავება სჯობს, რადგან ჩვენ არ ვწყვეტთ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც, შესაძლოა მყისიერად შეიცვალოს. როცა ორი ვარიანტია, ან დიდი ომი იქნება, ან არა, პროგნოზები უფრო მკითხაობა და პოპულიზმია. იტყვი რაიმეს და შემდეგ იტრაბახებ მოვარტყიო.“ – განაცხადა სალუქვაძემ.

 ექსპერტი უსაფუძვლო დასკვნების გაკეთებისგან კოლეგებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და თურქეთ – სირიას შორის გართულებული მდგომარეობის წინაპირობას იხსენებს.

„მოლაპარაკებების მაგიდებთან, ვიწრო კულუარებში რაც წყდება, თუ არ გაქვს წვდომა ამ დერეფნებთან დაახლოებულ წყაროებთან, ჰაერს ნუ დავტკეპნით. ადრე მოგახსენეთ, რომ სირიაში რუსეთ-თურქეთის, სწორედ ასე უნდა დავარქვათ, გართულება, ლიბიაში მათ უთანხმოებას უკავშირდება. სწრაფად დარეგულირების პერსპექტივაც არ ჩანს. კიდევ ერთხელ, ეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მთელი პაკეტის მხოლოდ ნაწილია, რომლებიც, როგორც წლების წინ ვწერდი, დროებით, ხაზს ვუსვამ, დროებით თაროზე ჰქონდათ შემოდებული. მოახერხებენ თუ არა ისევ თაროზე შემოდებას, დავაკვირდეთ. კოლეგებს ვთხოვ თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქართველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება“- აცხადებს სალუქვაძე.

მსგავსი თემები