სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილება, პოტენციურ საფრთხედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის – გრიგოლ ლილუაშვილი

“სირიაში მიმდინარე მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი  საქართველოს მთავარი პარტნიორია და თუ ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცევა, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ერთ-ერთი უარყოფითად მოქმედი ფაქტორი იქნება.

„რეგიონის ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობაზე, ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე. ელემენტარულად, ჩვენი მთავარი პარტნიორი და დიდი მეზობელი, დიდი მეგობარი ქვეყანა თურქეთი თუ მოექცევა ეკონომიკური სანქციების ქვეშ, ჩვენთვისაც ეს იქნება გარკვეულწილად ეკონომიკაზე ერთ-ერთი მოქმედი ფაქტორი, უარყოფითი კუთხით ვამბობ ამას. ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურასთან. შესაბამისად, ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების მხრივ.

მსგავსი თემები