“სინოდზე საუბარი იყო მეუფე პეტრეს განკვეთაზე, მაგრამ პატრიარქმა არ გააკეთა ეს” – მეუფე დამიანე

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის განცხადებით, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს განკვეთაზე საუბარი იყო, მაგრამ მისი თქმით, პატრიარქმა ეს არ გააკეთა. 

მეუფე დამიანეს თქმით, კარგია, რომ მრევლს უყვარს საკუთარი მოძღვარი, მაგრამ არაა სწორი, რომ ეს ადამიანები მეუფე პეტრეს განცხადებებს იზიარებენ და მიყვებიან მას.

“ვნახეთ, რამდენი შრომაა აქ და როგორ ეპყრობა ხალხი ამ ნაშრომს. მამებისა და დედების ზოგიერთი საქციელი ორი საპირისპირო მიმართულებისაა. ერთი იყო იმ სასულიერო პირის, მამაკაცის ცრემლები, რომელიც მისტიროდა თავის მოძღვარს და არ უთქვამს მას რაღაც ისეთი. არ მგონია, რომ გაიფიქრებდა პატრიარქის წინააღმდეგ. მას უყვარს თავისი მოძღვარი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში შეცდა. ნაწილი გაჰყვა, აქეზებენ. რაში უდგები გვერდში? მილანძღავ მამას? აბა წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი მამა გაგილანძღონ, რაც მოხვდება ხელში ალბათ ჩაარტყამ თავში.

თქვენ რომ ყოფილიყავით სინოდზე და მოგესმინათ, რა იყო, შეიძლება აქ კიდევ ჩხუბი დაგეწყოთ იმათ მიმართ, ვინც არასწორად იქცევა. საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა. არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა. მეუფე პეტრე ჩვენი ძმაა, ძალიან მწყინს, ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც აქ არ არიან მათაც, ავუხსნათ, რომ შეცდომას აკეთებენ ისინი. ეს არაა სულიერება, ეს არაა მონაზვნის, სასულიერო პირის ქმედება. აქ რომ გითხრან მღვდელმთავარი არისო და დაგიყენოს სინოდმა, ადამიანი, რომელიც შეიძლება შესახედავად არ მოგწონდეს, მას მაინც უნდა დაემორჩილო, მღვდელმთავარია. პატივი ეცი ეკლესიას და უფალს, მეუფე გრიგოლი და არც ერთი სხვა არ მისულა სინოდში და არც უთქვამს მე ამირჩიეო.

ჩვენ არ ვიცით მეუფე პეტრეს რა დაემართა, აღსარებას აბარებს და ეტყვის, აუხსნის რაშია საქმე და ყველაფერი გაირკვევა. დღევანდელ დღეს ლოცვა გვჭირდება. ვილოცოთ მეუფე პეტრეზეც, გრიგოლზეც, რომელსაც დახმარება უნდა. აქ რაც მეუფე პეტრემ იშრომა, ის კი არა უნდა გავაბნიოთ, პირიქით – შევინარჩუნოთ, ეს არც თქვენია, არც ჩვენია, არც მეუფე გრიგოლის, ეს ღვთისაა, ჩვენ ვიქნებით თუ არა, აქ ანგელოზები ილოცებენ და იგალობებენ ტაძარში. ასე რომ, ნუ ვცდებით. ერთგულება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. სულიერებას არ უნდა გადავცდეთ ერთგულებაში.

უფალი გვეუბნება, რომ თუ შენ შენი გვერდით მყოფი არ გიყვარს, მე როგორ შემიყვარებ, რომელსაც სულ არ მიცნობო. ვილოცოთ და მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. დღეს ძალიან სჭირდება მეფე გრიგოლს მხარში ამოდგომა. ყველა მღვდელმთავარი მასთანაა“, – განაცხადა ეპისკოპოსმა დამიანემ.

მსგავსი თემები