“სიის გამო, ოპოზიცია ერთმანეთს დახოცავს, ეს ბრძოლა მათ დაანგრევს” – ბექა ნაცვლიშვილი არჩევნებზე

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გაერთიანებულ ოპოზიციაში, პარტიებს შორის სიებისთვის ბრძოლა დაიწყება.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნო ბრძოლა „დაანგრევს“.

„მოლოდინი მაქვს, რომ ერთმანეთს დახოცავს გაერთიანებული ოპოზიცია და შემდგომში ყველა პარტია, თუ სიაში ვინ ჩაწეროს. ეს იქნება მთავარი პოლიტიკური წარმმართველი პარტიების ცხოვრების. სიებისთვის დაიწყება ბრძოლა. წარმოიდგინეთ  რამდენი პარტიაა, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციაში და რამდენი პოლიტიკური ძალა დაიწყებს იქ  ვინ არის წარმმართველი, ვინ თავისი ხალხი უნდა ჩაწეროს სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი და ა.შ არ მგონია გაერთიანებული ოპოზიცია გადაურჩეს ამ ბრძოლას. ვფიქრობ ეს ბრძოლა მათ დაანგრევს,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

დეპუტატის განცხადებით, არჩევნები არც მმართველი გუნდისთვის იქნება სახარბიელო. მისი თქმით, პარტიაში არავინაა ისეთი, ვინც არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით მოისურვებს მონაწილეობას.  

“ქართული ოცნების“ მხარესაც არაა სახარბიელო მდგომარეობა, რადგან მათ მთელი რესურსი აქვთ წართმეული. დღეს „ქართულ ოცნებაში“ თითქმის არავინ დარჩა, ვინც მისი დროშის ქვეშ კენჭს იყრიდა. ისევ ძველი წარმომადგენლები თუ დათანხმდებიან, ვისაც უკვე ჩაცემენტებული ინტერესები აქვს,  იბრძოლოს „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, მიუთითებს იმაზე, რომ მათი ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება.

„ის პერიოდია საქართველოს ისტორიაში, როდესაც ყველამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და კარდაკარ იაროს, ცვლილების მოსატანად, რომ  დაასრულოს „ნაციონალური მოძრობის“ და „ქართული ოცნების“ უაზრო და არაფრის მომცემი მმართველობა. თუ ესე გაერთიანდება პარტიები, როგორც ახლა ხდება,  არაფერი არ გამოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა არის ძალაუფლებისთვის და არა შინაარსისთვის,  ცვლილებისთვის,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები