„სიაში იქნებიან როგორც გამოცდილი წევრები, ისე ახალი სახეები“ – „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების წარსადგენად ემზადება

„უახლოეს მომავალში, „ქართული ოცნება“ წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“ –  ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდში ძველებთან ერთად, ახალი სახეებიც იქნებიან.

„ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც  დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიაში ქალების სიმრავლესაც გვპირდება.

„ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მსგავსი თემები