სვანეთის სტიქია ადამიანის საქმიანობას ნაკლებად უკავშირდება – გეოლოგი

​გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო მიიჩნევს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში დაწყებული სტიქიური მოვლენები ნაკლებად უკავშირდება ადამიანის საქმიანობას, ადვილი შესაძლებელია წყალმოვარდნა მყინვარის დნობას უკავშირდებოდეს. თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია ჰესის მშენებლობისას ყურადღება მიექცეს მსგავს ღვარცოფულ მოვლენებს​.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ბოიჩენკომ განუცხადა, ამ რეგიონში არის საკმაოდ მყარი ქანები და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობაც ნაკლებია. თუმცა ადგილზე ვითარების შესწავლის გარეშე ძნელია დასაბუთებით რამის თქმა.

” ყველას აინტერესებს სტიქიის მიზეზი ხომ არ არის ადამიანის საქმიანობა? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ კვლევა-ძიება. ამ ეტაპზე ძალიან რთული იქნება დასაბუთებით რაიმეზე საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მდინარეები მოედინება მყინვარის ყელიდან, ჩნდება სეზონური ტბები, არის იმის ალბათობა, რომ ეს პროცესი უკავშირდება მყინვარს. მოხდა ჩამოქცევა. ეს არის სრულიად ბუნებრივი პროცესი რასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანს და ამ ეტაპზე ვერ ექნება”, – აცხადებს გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო.

მისივე თქმით, ნენსკრაჰესს რაც შეეხება, არსებობს გეოლოგიური კვლევები, რომლებიც სხვა კომპანიებმა ჩაატარეს.

“ამ ეტაპზე, საუბარი იმაზე, რომ ნენსკრაჰესია მსგავსი პროცესების მიზეზი, ამის დაზუსტებით თქმის საშუალება არ გვაქვს. საფრთხე არსებობს და უნდა იქნას მიღებული ზომები, რომ ისინი თავიდან აიცილო”, – აცხადებს გეოლოგი.

მსგავსი თემები