სვანეთის სტიქიაში ჰესის მშენებლობის ფაქტორი ძალიან მცირეა – თემურ კანდელაკი

ორგანიზაცია “მეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ სვანეთის ბოლო ხანების სტიქიაში ჭუბერში ჰესის მშენებლობის ფაქტორი ძალიან მცირეა, რადგან მაშინ საუბარი იყო ხეების 200 ჰექტრამდე ფართობზე მოჭრაზე. პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა, სვანეთში ტყეების უკანონო ჭრა მიმდინარეობს და ტყის დიდი ფართობები ნადგურდება.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ კანდელაკმა დღეს განაცხადა,  საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 550 ხის საამქრო, არალეგალური სამხერხაოები კი გაცილებით მეტია.

მისივე თქმით, 2003-2004 წლების შემდეგ შეწყვეტილია ტყეების ხელოვნური განახლება.

“გავრცელებულ კადრებში თქვენ ნახეთ ყველამ, რომ დაცურებით მოაქვთ ხე-ტყე. კარგად მახსოვს, როდესაც ზუგდიდში ენგურის ქაღალდის კომბინატი მუშაობდა, მაშინ სვანეთი ამარაგებდა ხე-ტყით და სწორედ ამ მეთოდით ჩამოჰქონდათ მასალა. მაშინ, როდესაც სვანეთის მეწყერის საშიშროების პრობლემის წინაშე დადგა,  შეწყდა იქიდან ხე-ტყის მიწოდება. რაც მდინარე ენისეიზე მაქვს ჩემი თვალით ნანახი, ის გამახსენდა გუშინდელი კადრების ახვისას“, – აცხადებს მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი.

​მისივე თქმით, ქვეყანაში არ მუშაობს ​ტყის აღდგენის არც ერთი პროგრამა, ასევე, სერიოზული პრობლემაა ძოვება, მოსახლეობას საქონელი ტყეებში ყავს გაშვებული, რაც ტყის ბუნებრივად გამრავლების კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. გარდა ამისა, სვანეთის მოსახლეობა ხე-ტყეს იყენებს შეშად, რაც ასევე, დასარეგულირებელია.

 

 

მსგავსი თემები