სექსუალური შევიწროება ისჯება, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა „სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი“ დაამტკიცა. კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება 300-დან 1000 ლარიანი ჯარიმით და უფრო მეტიც, პატიმრობითაც დაისჯება. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო შრომის კოდექსს, სახალხო დამცველის შესახებ კანონს, სამოქალაქო საპროცესოსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს.

შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში პატრულის რეაგირებას დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას დამოიწვევს. განმეორებით შემთხვევაში ანალოგიური ქმედების გამო პირი დაჯარიმდება 500 ლარით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით. მსგავსი ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. 1000 ლარამდე დაჯარიმებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით ან ერთ თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს გამოიწვევს სექსუალური შევიწროება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ.

ცვლილების მიხედვით, კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება: “სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”.

პროექტში განმარტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა. ადმინისტრაციულ კოდექსში განისაზღვრება სექსუალური შევიწროების ცნება საჯარო სივრცეში, რაც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრავს სანქციებს.

მსგავსი თემები