„სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე

18-25 ივნისი თბილისისთვის ცხელი კვირა იქნება. ლგბტ საზოგადოება ე.წ. კვირეულის გამართვაზე უარს არ ამბობს, დანარჩენი საზოგადოება კი მათი ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებენ, რომ ერთადერთი აღლუმი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა და გაიმართება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების აღლუმი იქნება.

„მედიაცენტრი მთავარი“ თანასწორობის მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გოჩა გაბოძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კვირეულის ფარგლებში, ლგბტ საზოგადოებას სერვისებით დაეხმარებიან.

„მე ამ შემთხვევაში პრაიდის გუნდის წევრი არ ვარ. „თანასწორობის მოძრაობის“ სახელით ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ კვირეულთან დაკავშირებით ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენი ორგანიზაცია ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ვგეგმავ ინდივიდუალურად და არა ორგანიზაციის სახელით. „თანასწორობის მოძრაობის“ პოზიცია არის ნეიტრალური. ორგანიზაცია სერვისებს მიაწვდის ნებისმიერ პირს, ვისაც ეს დასჭირდება“ – განუცხადა გაბოძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

კითხვაზე, სერვისებში რა იგულისხმება? შემდეგი პასუხი მივიღეთ: „სერვისებში იგულისხმება ინდივიდუალური დახმარება, მორალური მხარდაჭერა. მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აქვს ეს პრეროგატივა, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს.“

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პრაიდი თბილისში კვირეულის სახით იმართება.

მსგავსი თემები