საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში  ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში  მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უწყებიდან აცნობეს, ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში. 

“მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში.

ამჟამად  სამუშაოები  11 ობიექტზე  მიმდინარეობს.  (კახეთში – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).

წლის ბოლომდე  ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები