სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, ძეგლის სტატუსი აქვს 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლს, სადაც 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

​სახლი ორსართულიანია. პირველი სართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა 12500.00 კვ. მეტრი.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, სახლი ძლიერ დაზიანებულია და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს.

მათივე ინფორმაციით, ​სახლი, ძველი ხიბულას მკვიდრ კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა. 2015 წელს, სახლ-კარი, თავისი საკარმიდამო ნაკვეთით, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა. ამჟამად ის გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე.  შენობის მფლობელები მზადყოფნას გამოთქვამენ შენობა, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით სახელმწიფოს გადასცენ.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ცხოვრების ბოლო დღეები, სოფელ ძველ ხიბულაში გაატარა, სადაც 1993 წლის დეკემბერში, სამოქალაქო ომის დროს აღმოჩნდა. თავად სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 3 აგვისტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა.

ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი. 2005 წ.

 

მსგავსი თემები