როცა არავის ემღერებოდა, ეს ბიჭები ქმნიდნენ სიმღერებს – “სახე” საიუბილეო კონცერტს მართავს

ცნობილი ქართული ჯგუფი “სახე” 24 აგვისტოს, ბათუმში, Black Sea Arena-ზე, საიუბილეო კონცერტს – „20 წელი სახესთან ერთად” გამართავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

​ქართველი მსმენელი ახალ სიმღერებთან ერთად, „სახეს“ შემოქმედებიდან ყველა ნაცნობ კომპოზიციას მოისმენს. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetry’N’Motion -ის წევრი მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ახალი ვერსია ჩაწერა.

როგორც “მთავარს” კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც ამჟამად ჩაწერის პროცესშია.

ჯგუფი „სახეს“ წარმოადგენენ მომღერლები დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ახალი წევრი ბორიკო შხიანი. ცოცხალ მუსიკას შეასრულებს ბენდი, რომლის წევრები არიან სანდრო სახამბერიძე, ლუკა თოფურია, ზურა კიკნაძე, აკაკი მაღალაძე და ზურა მახნიაშვილი.

“იმ დროს როცა არავის ემღერებოდა და ბილეთის საფასური პურის ფულის ეკონომიით გროვდებოდა, ეს ბიჭები მაშინ ქმნიდნენ სიმღერებს, ატარებდნენ კონცერტს გაყინულ დარბაზში და გვილამაზებდნენ სტუდენტობას”, – წერენ სოციალურ ქსელში ჯგუფის თაყვანისმცემლები.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, კარის გახსნა – 19:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელი ინტერნეტით.

ჯგუფი “სახე” 1993 წელს ​დათო ხუჯაძის, დათო ფორჩხიძისა და გოგა ხაჩიძის შემადგენლობით შეიქმნა. “  “როცა იმ ბნელ 90 -იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა,  ვარსკვლავები გავხდებოდით  და თვალწინ მედგა როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე,” – აცხადებდა ერთ-ერთი ინტერვიუში დათო ფორჩხიძე, თუმცა დღეს ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად აღარ მღერის. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯგუფს ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსგავსი თემები