“სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება” – ბადრი ჯაფარიძე

“ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, კრიმინალური წარმოშობისაა”, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება.

„ყოველდღიურად, ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, კრიმინალური წარმოშობისაა. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია.

ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებულია, სასამართლოს მიერ დამტკიცებული, ყადაღის გადაწყვეტილება. სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა არის თუ არა რაიმე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ. ამავდროულად, გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობისა და მიზნების მიმართებაში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები