სახელმწიფო მოხელეებს უწყებრივი სიმბოლოების სუბიექტური მოსაზრებით შეცვლა შეეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივ ბაზა შეიქმნება, რომლითაც დარეგულირდება სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დეპუტატმა განუცხადა, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები, სუბიექტური მოსაზრებით, დასაბუთების გარეშე ცვლიან უწყებრივ სიმბოლოებს, რომლებიც ელემენტარულ ჰერალდიკურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და არ ექცევა ყურადღება სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს.

“სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი სისტემა, რომელიც აღმოფხვრის დღეს არსებულ ხარვეზებს”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროექტის თანახმად, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს დაამტკიცებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეული წარმომადგენლობითი ორგანო, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.

ასევე, დარეგულირდება სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი. შეიქმნება სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების ერთიანი სახე. ეროვნული ბანკი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობით იმუშავებს ფულის ნიშნების მხატვრულ სახეზე, რათა იგი შესაბამისობაში იყოს  ჰერალდიკურ ნორმებთან.

მსგავსი თემები