სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია ლარიზაციის ტემპებს დააჩქარებს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და დააჩქარებს ლარიზაციის ტემპებს.

აღნიშნული სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა.  

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება პესპექტივაში, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა რეფორმა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები