სახელმწიფო დროშა და ეროვნული ატრიბუტიკა აღარ უნდა შეიცვალოს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დროშისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის შეცვლის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ დროშა აღარ უნდა შეიცვალოს, “თუ გვინდა ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ”.

​მისი იდეაა, ოფიციალურ შეხვედრებზე 3 დროშა დაიდგას გვერდიგვერდ: ხუთჯვრიანი – სახელმწიფო დროშა, ძველი – დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და ევროკავშირის დროშა.

“თუ გვინდა, რომ ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ იგი, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს ატრიბუტიკა. მე, უბრალოდ, მინდა, გვერდიგვერდ იდგეს ძველი დროშა – დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო; სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოს და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად; და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, იგი არ პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს იყოს წარსულის პრეზიდენტი. “ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩავიძიროთ დაპირისპირებაში. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის და არა წარსულის ქვეყანა”, – ამბობს იგი.

მსგავსი თემები