„სახელმწიფო დაცვის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა გამორიცხულია“ – ანზორ ჩუბინიძე

ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება, პოზიციის დატოვების შემდეგ მოეხსნება და მთელი ცხოვრება სახელმწიფო დაცვით ვერ ისარგებლებს.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დღეს განიხილეს. კანონპროექტი პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარმოადგინა.

„პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს დაცვა გადადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მოემსახურება. ხოლო შემდეგ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, გაგრძელდება მათი დაცვა თუ არა.  ძალოვანი უწყებები, შსს, სუს-ი და სხვა უწყებები გამოიკვლევენ, არსებობს თუ არა საფრთხე და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ნებისმიერი რისკის შემთხვევაში სდსს-ი მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა მოგვარებულია ასე თუ ისე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისე, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ ანუ, სადაც არ არის საჭიროება, დაცვა უნდა მოიხსნას“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძე პერსონალური დაცვის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას გამორიცხავს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს სახელწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე ემსახურება. კანონპროექტით კი უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

მოქმედ კანონში ასევე წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, იგივე რეგულაცია პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც გავრცელდება და პერსონალური დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

 

მსგავსი თემები