“სახელმწიფო დაცვა მხოლოდ სათვალიანი და კოსტიუმიანი ბიჭის გვერდით დგომას არ ნიშნავს” – კობა კობალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კობა კობალაძე, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ პირადი დაცვა არ არის მხოლოდ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ათლეტური აღნაგობის, სათვალიანი ბიჭი, არამედ ეს არის სამსახურეობრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთობლივი მუშა პროცესი.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა კობალაძემ დღეს განაცხადა, “მარტო ბრონირებული ჟილეტის ჩაცმა არავის შველის”, თუ პარალელურად არ მიმდინარეობს გარეშე და შიდა საფრთხეების ანალიზი, ამ პროცესში კი ჩართულია ძალოვანი უწყებები.

“სახელმწიფო დაცვა მხოლოდ სათვალიანი და კოსტიუმიანი ბიჭის გვერდით დგომას არ ნიშნავს” ​- აცხადებს დეპუტატი.

​მისივე თქმით, სახელმწიფოს ყოფილი პირველი პირებისთვის პირადი დაცვის მოხსნით სახელმწიფო ინსტიტუტებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა მოქალაქეებისთვის ქვეყანაში არსებობდეს უსაფრთხოების განცდა.

კობა კობალაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პირებს, რომლებსაც ჰყავდათ დანიშნული პირადი დაცვა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამსახურში აღარ იქნებიან, ერთი წლის განმავლობაში რჩებათ სამთავრობო დაცვა და სხვა მომსახურე პერსონალი. იმავე დროს, სამთავრობო დაცვას და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, კონკრეტული დასაცავი ობიექტი 5 წლის განმავლობაში ჰყავთ ყურადღების ცენტრში.

​”იმ ერთი წლის განმავლობაში, როცა მას ემსახურება სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა, არა მარტო ემსახურება, არამედ დაზვერვის ფუნქციას ასრულებს. ეს არის მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურების მუშა პროცესი – დაზვერვის სამსახური, შსს, გარე და შიდა საფრთხეები. ერთი წლის შემდგომ, თუ კონკრეტული ინფორმაცია და პირის მიმართ ხიფათი არ დადასტურდა, მას მოეხსნება დაცვის სამსახური, მაგრამ 5 წლის განმავლობაში კვლავ აქტიური ყურადღების ცენტრში დარჩება”, – აცხადებს კობა კობალაძე.

აღსანიშნავია, რომ ​პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა  “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუნარჩუნდებათ.

მსგავსი თემები