“სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს. როგორც მითხრეს საკუთარი მამა მოკლაო” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზ ილია ჭიღლაძეს გუშინ, ბერ-მონაზვნის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებამ ერთი ტრაგიკული ისტორია გაახსენა. 

დეკანოზ ილია ჭიღლაძის პოსტს “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

“სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში მოდიოდა ხოლმე გაპარსული, გაერისკაცებული ბერი ეფრემი, ერისკაცობაში ბესო (ბესარიონი), დაახლოებით, 25 წლისა. ფსიქიკურად შერყეული იყო, გვემეგობრებოდა, შეკითხვებს გვაძლევდა საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებზე, რომელზედაც ცოდნა პრაქტიკულად არ ჰქონდა. გამოუცდელი და პატარა (ალბათ 18-20 წლისა) აღკვეცეს ბერად ერთ მონასტერში, მალე ფსიქიკურად რომ აურია, გამოუშვეს. არქიმანდრიტმა მითხრა, შევცდი რომ აღვკვეცე, გხდი კაბას, გიშვებ მონასტრიდან და ბერი აღარ ხარო. ასე სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს(თუ გამოაგდეს) და პასუხისმგებლობაც მოიშორეს.

ეფრემი-ბესო დაბრუნდა თბილისში, მშობლებთან. საუბარში ემჩნეოდა ხოლმე, რომ ვერ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, თუმცა გულკეთილი ბიჭი იყო და რეალურად მსხვერპლი არასწორი სულიერი ცხოვრებისა და გარემოსი, როგორც ჩანს, მოუმზადებელი შეეჭიდა რა “უსხეულო ანგელოზებრივ” ცხოვრებას, ხორცის ბუნებამ ვერ იტვირთა თავშეკავება და ასკეზა, ხიბლმა კი სულიერ აშლილობამდე მიიყვანა. აკადემიის შემდგომ აღარ შემხვედრია, და როგორც მითხრეს, საკუთარი მამა მოკლაო. არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ არა საცოდავი, ღმერთმა შეიწყალოს და შეგვიწყალოს ყველა”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. გუშინ დააკავეს. ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

მსგავსი თემები