სახალხო დამცველი გენ პროკურორს ურჩევს, დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად შესაბამის ორგანოს მიმართოს

“ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, შალვა თადუმაძემ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, კარგია, რომ გენერალურმა პროკურორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრების დროს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატსა და კომპეტენციას შეესაბამება ის, რასაც სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს. კერძოდ, ზედამხედველობას უწევს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. ლომჯარიას თქმით, თადუმაძის მიერ გაკეთებული განცხადებები განსხვავებული სულისკვეთების იყო.

“რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ და ძირითადად, ხარისხის მართვის სააგენტო არ ადასტურებდა დიპლომის ხარისხს იმ კანდიდატების შემთხვევაში, ვინც განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა ეს კანდიდატები შემდგომ სასამართლოს გზით ახერხებდნენ დაედასტურებინათ მათი დიპლომის შესაბამისობა მაგისტრის ხარისხთან. ჩვენ ამ პრობლემებზეც ვწერთ ანგარიშში და ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი და არასათანადოდ დასაბუთებული იყო. ამიტომ, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო მეტად პრობლემებს ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვიდრე ხარისხის მართვის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები