„საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე მედიცინა ბიზნესად იქცა, პროგრამა კი ჩიხში შევიდა“ – ბიუჯეტში 360 მილიონიანი დეფიციტია

„სრულიად ვეთანხმებით ჯანდაცვის სამინისტროს იმაში, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად უნდა დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. დიახ, მოქალაქემდე და არა კლინიკების მფლობელების ექსკლუზივ-ჯიპებამდე, სასახლეებამდე“ – ეს განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ლოლუამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და სამინისტროს 520-ე დადგენილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფსკერი არ აღმოაჩნდა, რომელმაც ბიუჯეტს დეფიციტი შეუქმნა.

„არაგამჭვირვალობამ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის უფასო პროგრამა ჩიხამდე მიიყვანა და სამინისტრო იძულებული გახდა, რომ სასწრაფოდ დაეწესებინა რეგულაციები ფასებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამა უბრალოდ არსებობას შეწყვეტს. თავად განსაჯეთ, ციფრებს მოგიყვანთ. ყოველწლიურად, მილიონობით ლარი აკლდება და დამტკიცებული ბიუჯეტისთვის თანხის დამატება ხდება საჭირო“ – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში და ყოველწლიურად,  პროგრამისთვის დახარჯული მილიონების სტატისტიკა წარმოადგინა.

2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 754 მილიონიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 80 მილიონ ლარს მიაღწია; 2018 წელს 713 მილიონიან ბიუჯეტს სამინისტრომ კიდევ 43 მილიონი ლარი დაამატა; 2017 წელს 660 მილიონიან ბიუჯეტს 40 მილიონი დაამატეს; 2016 წელს 570 მილიონიან ბიუჯეტს სამინისტრომ კიდევ 53 მილიონი ლარი დაუმატა; 2015 წელს 470 მილიონიან ბიუჯეტს მთავრობამ 100 მილიონი ლარი დაამატა; 2014 წელს 200 მილიონიან ბიუჯეტი იყო, გაწეულმა ხარჯებმა კი 338 მილიონი შეადგინა. სულ, 2014-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში წარმოქმნილმა დეფიციტმა 360 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მისივე ინფორმაციით, კლინიკების ზოგიერთმა მფლობელმა სარფიანი ბიზნესიც აიწყო.

„შენდებოდა კლინიკები და თან იმ რაოდენობის, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. კლინიკებმა სამედიცინო სერვისი ბიზნესად აქციეს, ხოლო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა თავისი შემოსავლის წყაროდ. ამ ფონზე მთავრობამ, გადაწყვიტა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ახალი რეგულაცია დაეწესებინა და გამოსცა 520-ე დადგენილება. ამ დადგენილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა ერთიანი ტარიფები – კერძოდ, თუ რა ფასად უნდა მოემსახურონ პროგრამაში ჩართული კლინიკები პაციენტებს. ანუ, თბილისში იქნება თუ რეგიონში, ერთსა და იმავე მომსახურებაზე კლინიკა ერთნაირ თანხას მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან. სწორედ ეს ტარიფები გააპროტესტეს კლინიკებმა“ – აღნიშნა „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები