ტურისტები ისე შემოდიან, დაზღვევას არავი სთხოვს, უფასო მომსახურებით კი კლინიკები ზარალდებიან 

​საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილობრივი კლინიკებისგან ღებულობს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ არ იხდის მომსახურების საფასურს და არც სამედიცინო დაზღვევა აქვს. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქე დაზღვეულია სამშობლოში, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ქვეყანას საქართველოსთან აქვს გადარიცხვის პრობლემები, ქართული სამედიცინო დაწესებულებები ვერ ღებულობენ ტურისტისთვის გაწეული ურგენტული მომსახურების საფასურს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დევი ხეჩინაშვილმა დღეს განაცხადა, ამ თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა ირანელებთან დაკავშირებით. კერძოდ, ირანის მოქალაქე, თავის სამშობლოში ყიდულობს ადგილობრივ სამედიცინო დაზღვევას, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ, შემდეგ უკვე, გადარიცხვების პრობლემების გამო, იქაურ სადაზღვევო კომპანიას საქართველოს კლინიკასთან ექმნება ფულის ჩარიცხვის პრობლემა.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, არსებობს მეორე პრობლემაც, როდესაც საქართველოში შემოსულ ტურისტებს საზღვარზე არ სთხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევის საბუთის წარმოდგენას. თუმცა,  ვიზისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალში დაზღვევაც არის ნახსენები. უვიზოდ შემოსულს კი თავისთავად არავინ ეუბნება,  იქონიოს დაზღვევა.

“ჩვენ ხომ უვიზოდ დავდივართ ევროპაში, მაგრამ ძალიან ზუსტად ვიცი, რომ არსებობს საბუთები, რომლებიც უნდა გვქონდეს, როცა იქ მივდივართ. მათ აქვთ უფლება არ შეგვიშვან ქვეყანაში. დაზღვევის ქონდა თვითონ მოგზაურის ინტერესებშია, რომ მერე პრობლემები არ შეექმნას”, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული ურგენტული ხასიათის პრობლემისგან, მით უმეტეს ტურისტები. საქართველოში, თვეში დაახლოებით 2 000 ტურისტი სარგებლობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებით. მათი ნაწილი სამკურნალო კლინიკებში გადაჰყავთ, ამის შემდეგ უკვე პროცესი აღარ ექვემდებარება ინსტიტუციურ მოდელს.

“მილიონობით ტურისტი, რომლებიც საქართველოში შემოდიან არ არიან დაზღვეულნი. როდესაც მათ, გადაუდებელი სამედიცინო ხასიათის პრობლემები უჩნდებათ, ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, დაზღვევა, როგორც წესი ასეთ ვითარებაში ფარავს მოქალაქის ხარჯებს. ხშირია სასწრაფო დახმარების გამოძახება უცხოელების მიერ, ისინი ამ მომსახურებას თვითონ აფინანსებენ, სასწრაფოს გამოძახება 50 ლარამდე ღირს და ამას აუდიან. მაგრამ როდესაც საქმე მიდის კლინიკაში მკურნალობაზე, უკვე ეს პროცესი აღარ ექვემდებარება ინსტიტუციურ მოდელს. ვიღაც ადვილად იხდის ჯიბიდან, ვიღაცას ურთულდება, მაგალითად ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებაში, რომლებიც იქ, ადგილობრივ დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ, შემდეგ უკვე, გადარიცხვების პრობლემების გამო, იქაურ სადაზღვევო კომპანიებს აქაურ კლინიკასთან ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვთ”, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, უცნობია თანხის რაოდენობაც, თუ რა მოცულობის ზარალი ადგებათ ამ დროს სამედიცინო დაწესებულებებს. შედეგად კლინიკა ცდილობს, რომ ეს ხარჯი სხვა მომსახურეობებზე გადაანაწილოს.

როგორც დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, ​ანალოგიური ვითარება იყო საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსულ ავტომობილებთან დაკავშირებითაც, როდესაც, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე უცხოელს ეკისრებოდა ხარჯის გაღება, ის ბრუნდებოდა თავის ქვეყანაში და საკითხი მოუგვარებელი რჩებოდა. ეს პრობლემა მოგვარდა დაზღვევის სისტემის ამოქმედებით.

“რასაკვირველია მილიონი ტურისტის ურგენტული შემთხვევა კიდევ უფრო ხშირია, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევები. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან, ტურისტი აქ ვერ შემოვა ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე, ამას თუ ვიტყვით, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მერე უკვე ძალიან ადვილია ამის დალაგება. სახელმწიფომ ამაში რისკი უნდა დაინახოს. როგორც ეს დაინახა ავტომობილების შემთხვევაში. დღეს უკვე არსებობს ელექტრონული პორტალი, სადაც ქართული კომპანიები უცხოელებს სთავაზობენ სამოგზაურო დაზღვევას. ისინი, ვინც გააზრებულად ცხოვრობს, ყიდულობენ მას იმ ქვეყნებიდან, რომელთა დაზღვევაც არ ფარავს საქართველოს. გერმანელსა და იტალიელს ამის პრობლემა არ აქვს საქართველოში, მაგრამ არის ირანი, სადაც მოქალაქე ყიდულობს დაზღვევას, მოდის საქართველოში, აქ რაღაც ემართება და კლინიკა ვერ იღებს თანხას, იმიტომ, რომ ირანსა და საქართველოს შორის გადარიცხვის პრობლემაა. ამიტომ უმჯობესია იყიდონ დაზღვევა აქ. ძალიან მარტივი არ არის უთხრა რუსულ ან ირანულ კომპანიას, შენს დაზღვევას  არ ვცნობო. ეს პრობლემის კიდევ მეორე მხარეა”, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მსგავსი თემები