საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან (27 ნოემბერი 2019 – 15 მაისი 2020 წ.) დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება – მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქადაა აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.

მსგავსი თემები