„საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ – სტრასბურგში მორიგი სარჩელი შევიდა

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით მორიგი სარჩელი შევიდა. სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა და ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მასობრივ შევიწროებას ეხება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სარჩელში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

„ჩვენი მოთხოვნაა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). ამასთან, ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სარჩელში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე. სტრასბურგის სასამართლო საჩივარს სასამართლოს რეგლამენტისა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განიხილავს.

მსგავსი თემები